Georgian English Russian
Menu მთავარი Menu ჩვენს შესახებ Menu დეპარტამენტები Menu ექიმები Menu სტატიები Menu გალერეა Menu კონტაქტი
მთავარი

Menu დიაბეტი და ტერფების მოვლა Menu კიდევ ერთხელ დეპრესიაზე
Menu კლიმაქტერიული პერიოდის სამი ფაზა ქალებში Menu დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები
Menu დისგლიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები Menu მითები დიაბეტზე
Menu გულძმარვა Menu უნაყოფობა


მითები დიაბეტზე

მითები და ლეგენდები თაობიდან თაობას გადაეცემა და წარსულს აწმყოსთან აკავშირებს. ყოველი მითი სიმართლის ელემენტებსაც მოიცავს. ხშირად ისინი ხელს უშლის პროგრესს, დიაბეტის დროს კი - საკმაოდ საშიშიცაა. როცა ადამიანს მითების სჯერა, თავისთავად ხელს უწყობს, რომ ამ ისტორიებმა უარყოფითი გავლენა იქონიოს დიაბეტის კონტროლის დონეზე, შედეგად კი - გაუუარესდეს სიცოცხლის ხარისხი.

მსოფლიო ინტერნეტის ქსელი და მითები

მითები აქამდე ზეპირად გადაეცემოდა თაობებს, იწერებოდა წიგნებში, ე. ი. ტრადიციულად ვრცელდებოდა. თანამედროვე ფსიქოლოგებმა "ჯინი ბოთლიდან გამოუშვეს". ინტერნეტი არამარტო ავრცელებს მითებს მთელ მსოფლიოში, არამედ ახალსაც ქმნის, ადამიანებს თავზე ახვევს, როგორც უწყინარ ტყუილს, ისე მავნე იდეებს და ცნობებსაც.
მაგ. თუ თქვენ ეძებთ სიტყვა "ასპარტამს", თავს დაგატყდებათ უამრავი ინფორმაცია "საშინელ" შაქრის შემცვლელზე. ეს ინფორმაცია დამყარებულია 1996 წელს დასრულებული გამოკვლევის მონაცემებზე. იმ დროს გაჩნდა ეჭვი, რომ ასპარტამი სერიოზულ დაავადებებს იწვევს. სამწუხაროდ, ინტერნეტი არ გვამცნობს, რომ ამ გამოკვლევამ ვერ დაადასტურა პირდაპირი კავშირი ასპარტამის მიღებას, მის რაოდენობას და ზოგიერთი სერიოზული დაავადების განვითარებას შორის. მითუმეტეს, რომ შემდგომმა კვლევებმა არ დაადასტურა არსებული ეჭვები. ინტერნეტი კი განაგრძობს ასპარტამზე საშინელებების ბეჭდვას - თითქოს, იგი სკლეროზს, მეხსიერების დაქვეითებას, მხედველობის გაუარესებას და ყურადღების მოდუნებას იწვევს. პრობლემის ღრმად შესწავლის შემდეგ ამერიკის საკვები პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციამ ასპარტამი მისაღებ და უსაფრთხო შაქრის შემცვლელად ცნო, რომელიც თავისუფლად შეიძლება იხმაროს დიაბეტიანმა პირმა.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული მითები დიაბეტზე
როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მთელ მსოფლიოში ერთნაირი მითები და ლეგენდებია გავრცელებული. აი, ზოგიერთი მათგანი (შესაძლოა, ისინი თქვენთვის ნაცნობიც კი იყოს):
•     თუ ბევრ შაქარს შეჭამთ - დიაბეტი დაგემართებათ (მითი პირველი)
ბევრ ქვეყანაში დიაბეტით დაავადებული ადამიანები უარს ამბობენ ხილზე. მაგ. ჩინეთში, ბევრი ყავას და ჩაის არ სვამს, რადგან თვლიან, რომ ისინი დიაბეტს იწვევს. ყველაფრის დალევა და ჭამა შეიძლება, მაგრამ ზომიერება უნდა დავიცვათ!
გენეტიკური და გარემო ფაქტორების შერწყმა დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს. ბუნებრივია, ჭარბი წონა ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. გარკვეულწილად, ეს ფაქტი განაპირობებს "შაქარზე მითის" წარმოშობას, ეს კი მცდარია და გაუაზრებელი რჩება დიაბეტის განვითარების ნამდვილი მიზეზები. დღეს ყველასათვის ნათელია, რომ ჯანსაღი კვება და წონის კონტროლი აფერხებს დიაბეტისა  და მისი გართულებების განვითარებას.
•     დიაბეტიანმა პირებმა სპეციალური საკვები უნდა მიიღონ - დიაბეტიანთა პროდუქტები (მითი მეორე). ეს მითი ორ მცდარ ჰიპოთეზად შეიძლება გავყოთ:
- უნდა მიიღოთ განსაზღვრული საკვები, მაგ. ცხოველების ის ნაწილები, რომლებიც ადამიანს დაავადებული აქვს (ღორის კუჭქვეშა ჯირკვლისგან დამზადებული სუპი, თუ დიაბეტი გაქვთ) ან ბოსტნეული, რომელიც ფორმით დაავადებულ ორგანოს გვაგონებს. უძველესი, "თავისი მსგავსის კანონის" (ჰომეოპათიის უმთავრესი კანონი) მიხედვით, ეს საშუალებას იძლევა განიკურნოს დაავადებული ორგანო. სამწუხაროდ, მოსაზრება მცდარია.
- პროდუქტები, ეტიკეტით "დიაბეტური". ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ დიაბეტიანმა პირებმა უნდა მიიღონ მხოლოდ ის საკვები, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი - "დიაბეტური" ჟელე ან შოკოლადი და სხვ. სინამდვილეში, დიაბეტიანი პირებისთვის რეკომენდებული საკვები ნებისმიერი ჩვენთაგანისთვისაც ნებადართული და სასურველია. ეს არის საკვები, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმებს (განსაკუთრებით, ცხოველურს), მარილს, შაქარს, და დიდი რაოდენობით - სახამებლიან პროდუქტებს - პური, ბურღულეული, პარკოსნები, მაკარონის ნაწარმი, აგრეთვე, ხილი და ბოსტნეული. შაქრის შეცველი საკვები პროდუქტები, ეტიკეტით "დიაბეტური" არანაირ სარგებლობას არ იძლევა, პირიქით, ისევე ზრდის სისხლის შაქრის დონეს, როგორც ნებისმიერი სხვა. ბევრი "დიაბეტური პროდუქტი" უფრო მეტ ცხიმს (განსაკუთრებით უჯერს ან ქოლესტერინს) შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი პროდუქტები, რაც ასევე, ძალიან მავნეა დიაბეტიან პირთათვის. ასე, რომ ნუ დახარჯავთ ფულს უსარგებლო და ხშირად მავნე პროდუქტებზე!
•     თუ დიაბეტი უწამლოდ შეიძლება აკონტროლო, ე.ი. "მსუბუქი ფორმა გაქვს" (მითი მესამე)
ყველაზე ფართოდ გავრცელებული და შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე საშიში მითი - "თუ ინსულინი არ მჭირდება, ე.ი. მსუბუქი ფორმის დიაბეტი მაქვს". დაიმახსოვრეთ, დიაბეტის მსუბუქი ფორმა არ არსებობს, გართულებები შეიძლება განვითარდეს იმის მიუხედავად, გჭირდებათ თუ არა ინსულინი. უფრო მეტიც, თუ დიაბეტი ცუდად კონტროლდება (ე.ი. სისხლის შაქრის დონე მუდმივად ნორმაზე მაღალია), მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების (თირკმლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვ.) რისკი მკვეთრად იზრდება. შემაშფოთებელია ისიც, რომ ზოგიერთი ექიმი ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს ეუბნება, რომ მათ მხოლოდ "შაქრის კვალი აქვთ" და არც უნდა შეწუხდნენ. ექიმები, რომლებიც თავის პაციენტებს ასეთ ინფორმაციას აწვდიან, მკვეთრად ზრდიან გართულებების განვითარების რისკს. თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ მისი მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს, არასდროს გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს დაავადების კონტროლისათვის. ექიმები, ისევე როგორც მათი პაციენტები, სერიოზულ სწავლებას საჭიროებენ.
•     ტიპი 1 დიაბეტი გაცილებით სერიოზული დაავადებაა, ვიდრე ტიპი 2 (მითი მეოთხე)
ეს მოსაზრებაც ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში. ამ შეცდომას ისტორიული კანონზომიერება ხსნის. 1922 წლამდე, ინსულინის აღმოჩენამდე, ტიპი 1-ის დიაგნოზი სიკვდილის ტოლფასი იყო. იმ დროს, როცა ტიპი 1-თვის ინსულინს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ტიპი 2-ის კარგი კონტროლის მიღწევა ინსულინის გარეშეც შეიძლება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტიპი 2-ის დიაგნოზის დასმამდე შეიძლება თვეები და წლები გავიდეს. შედეგად კი სერიოზული გართულებები განვითარდეს, ე. ი. გარკვეულ პირობებში საშიშროება, რასაც წარმოადგენს ფარული ტიპი 2 დიაბეტი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ტიპი 1-ის დროს.
მრავალრიცხოვანი გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ თუ ადამიანი გააცნობიერებს თავისი მდგომარეობის სერიოზულობას და ყველა სათანადო ღონისძიებას მიიღებს, რეგულარულად მიაკითხავს ექიმს და ჩაიტარებს გამოკვლევებს, გართულებების განვითარების რისკი ბევრად დაბალი ექნება.
•     თუ თქვენ ტიპი 2 დიაბეტი გაქვთ და ინსულინი დაგინიშნეს, ე.ი. "დიაბეტის საბოლოო სტადია" გაქვთ (მითი მეხუთე)
ინსულინი ის პრეპარატია, რომელიც აუცილებელია ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული პაციენტისთვის და რომლისაც ასე ეშინიათ ტიპი 2-ის მქონე პირებს. არსებობს აზრიც, თითქოს, ინსულინი დიაბეტის გართულებებს იწვევს. აქ ისევ და ისევ შეიძლება "მოვიშველიოთ" ამ მოსაზრების ობიექტური მიზეზები - ინსულინის არასწორმა შეყვანამ შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. თუმცა, მტკიცება იმისა, რომ "ინსულინთერაპიის დაწყება სიკვდილის ტოლფასია", ყოველნაირ საფუძველს მოკლებული და მცდარია.
ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ ბევრ ადამიანს დაავადების კარგი კონტროლის მისაღწევად ინსულინი ესაჭიროება. ხშირად იმის შემდეგ, რაც ადამიანი თვითკონტროლის პრინციპებს შეისწავლის, შეიცვლის ცხოვრების წესს (ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა), ინსულინის აუცილებლობაც მცირდება. თუ ეს ასე არ მოხდა, მთავარი ხომ ის არის, რომ ადამიანმა ჯანსაღი, სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვროს და თავიდან აიცილოს დიაბეტის გართულებები. ამ შემთხვევაში კი ინსულინი თქვენთვის მეგობარია და არა - მტერი!
კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მცდარი აზრია, რომ ინსულინი ნარკოტიკივითაა, "თუ ინსულინის გაკეთებას დაიწყებ, თავს ვეღარასდროს დაანებებ". დაიმახსოვრეთ - ინსულინი ნარკოტიკი არ არის, ის არ იწვევს მიჩვევას! ინსულინი - ჰორმონია, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმის მიერ. ის ფაქტი, რომ ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულმა პირმა მუდმივად უნდა იკეთოს ინსულინის ინექციები, გარკვეულწილად ხსნის მოსაზრებას " ინსულინზე დამოკიდებულების" შესახებ. თუ ექიმი ინსულინს გინიშნავთ, რომ გადაარჩინოს თქვენი თვალები, თირკმელები, გული, ტერფები - ნუ გეშინიათ, სასწრაფოდ დაიწყეთ ინსულინთერაპია.
•     დიაბეტი მდიდრების დაავადებაა (მითი მეექვსე)
გასულ საუკუნეებში მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ განუსაზღვრელი რაოდენობით ცხიმიანი საკვების, ტკბილეულის, თეთრი ფქვილისაგან დამზადებული ნაწარმის და სხვა "დელიკატესების" მირთმევა. დღეისათვის ეჭვს არ იწვევს ის აზრი, რომ ჭარბ წონას, სიმსუქნესა და დიაბეტს შორის მტკიცე კავშირია. ტრადიციულად, ღარიბი ადამიანები იშვიათად უჩივიან ჭარბ წონას. აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ზოგიერთი ეროვნების ხალხში დიაბეტით დაავადება საზოგადოებაში ამ ადამიანის მაღალ თანამდებობაზე მეტყველებდა. დღეს კი განვითარებად ქვეყნებში ადამიანთა მიგრაცია სოფლიდან ქალაქებში, ჩვეული ცხოვრების წესის დარღვევა, სერიოზულ, არასასურველ შედეგებს იწვევს. აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის შედარებით ღარიბ ფენებში ბოლო დროს რადიკალურად შეიცვალა ცხოვრების წესი და კვება. ადამიანები მისდევენ ჯდომითი ცხოვრების წესს, ნაკლებს მოძრაობენ, მიირთმევენ "სწრაფი კვების" ობიექტებში (სადაც საკვები მდიდარია ცხიმებითა და შაქრით), იშვიათად იღებენ ბოსტნეულს, პარკოსნებს - რაც უფრო დამახასიათებელია სოფლის მცხოვრებთათვის. შედეგად ამ ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა მსუქან ადამიანთა რიცხვი და დიაბეტი ჯანმრთელობისთვის მთავარი საშიშროება გახდა.
•     ტრადიციული მედიცინის საშუალებები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თანამედროვე პრეპარატები, რადგან გვერდითი ეფექტები არ გააჩნიათ (მითი მეშვიდე)
სამწუხაროდ, დღეისათვის ტრადიციული მედიცინის მიმართ ინტერესი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იზრდება. მიუხედავად ამისა, გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ბუნებაში არსებული მთელი რიგი ნივთიერებები (რომლებიც დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება) იწვევს სისხლის შაქრის დონის დაქვეითებას, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს და რეაქციაში შედის სამკურნალო პრეპარატებთან. ბევრი მათგანი საერთოდ არ არის ეფექტური და მათი გამოყენება ხელს უშლის ძირითად მკურნალობას. ეს კი ზრდის გართულებების განვითარების და პროგრესირების რისკს. თუმცა, ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა იოგა, უ-შუ, მასაჟი, მედიტაციები, შეიძლება და სასურველიცაა დიაბეტის დროს. ეს არ ნიშნავს, მათ ძირითადი მკურნალობის შეცვლა შეუძლია, ისინი მხოლოდ სწორი მკურნალობის დამატება შეიძლება იყოს. მაგრამ ამ მეთოდების სწავლა და გამოყენება მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება (ფიზიოთერაპევტი ან მედდა) და არა მატყუარა, თვითნასწავლი ადამიანის მიერ.

დიაბეტის განათლების მნიშვნელობა

ყველა მითი, რომლებზეც გესაუბრეთ, დიაბეტის კარგი კონტროლის დაბრკოლებად შეიძლება მივიჩნიოთ და მათზე არავითარ შემთხვევაში თვალის დახუჭვა არ შეიძლება!
მითები კაცობრიობის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობაა. ისინი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გავაფართოვოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ცოდნა დიაბეტის შესახებ ექიმებს შორის, გავანათლოთ დიაბეტით დაავადებული პირები და საერთოდ, საზოგადოება. მხოლოდ ასე შევძლებთ დიაბეტიანთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას.

სტატია მომზადებულია პროფესორ
ტ. დანტინგის (ავსტრალია) პუბლიკაციების მიხედვით

 

 

 


კვლევები
კლინიკური კვლევები
პროგრამები
2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
მეზღვაურები
მეზღვაურების სამედიცინო შემოწმება

Home Phone