Georgian English Russian
Menu მთავარი Menu ჩვენს შესახებ Menu დეპარტამენტები Menu ექიმები Menu სტატიები Menu გალერეა Menu კონტაქტი
მთავარი

Menu დიაბეტი და ტერფების მოვლა Menu კიდევ ერთხელ დეპრესიაზე
Menu კლიმაქტერიული პერიოდის სამი ფაზა ქალებში Menu დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები
Menu დისგლიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები Menu მითები დიაბეტზე
Menu გულძმარვა Menu უნაყოფობა


კიდევ ერთხელ დეპრესიაზე

დეპრესია - ესაა ნაღვლიანი, დათრგუნული მდგომარეობა, გუნება-განწყობილების, ფსიქიკური და მამოძრავებელი აქტივობის დაქვეითება.
ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრებისგან ძალიან ბევრს მოითხოვს და არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით. სწორედ შეუსაბამობა ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის წარმოშობს იმედგაცრუებას, სასოწარკვეთას, საკუთარი უსარგებლობის შეგრძნებას.
უმეტესად დეპრესია გამოწვეულია სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორებით, რომლებიც პიროვნების გარკვეულ თავისებურებებზე ახდენს გავლენას. მაგ: ავიღოთ ორი სხვადასხვა ტიპის ადამიანი: "გლობალური ცვლილებების დროს" ერთი მათგანი, რომელიც მიისწრაფის სტაბილური ცხოვრებისაკენ, განიცდის დეპრესიას, რაც გამოწვეულია არსებობის არაკომფორტული პირობებით (ხანდახან სულაც უსაფუძვლო შიშით). ის პიროვნება კი, რომელსაც მოსწონს "სიახლეების შეტანა" ყოველდღიურ ცხოვრებაში, რისკი, ავანტურა, "მძაფრი განცდები", ასეთ სიტუაციაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მაგრამ საკმარისია საზოგადოება სტაბილურ რეჟიმში გადავიდეს - პირველი მაშინვე კარგად ხდება, მეორეს კი სევდა ეძალება და სპეციალურად აწყობს სხვადასხვა სკანდალებს, რომ გამოფხიზლდეს.
არსებობს დეპრესიული მდგომარეობის ისეთი სახეც, როგორიცაა ე.წ. მასკირებული დეპრესია. ამ დროს რეალური დეპრესიული სიმპტომატიკა ამოფარებულია ბანალურ თავის ტკივილს, გულის რიტმის დარღვევების და სხვა სომატური ჩივილების “ნიღაბს”. ამიტომ სანამ ექიმთან მორიგი ვიზიტით გაემართებით, გაიხსენეთ ანდაზა: "ყველა დაავადება ნერვებისგან ჩნდება". 
სამწუხაროდ, დეპრესიის დიაგნოზი ზოგად სამედიცინო პრაქტიკაში შემთხვევათა 50%-ში არასწორად ისმება. ჰიპოდიაგნოსტიკა ზოგჯერ იმის შედეგია, რომ პაციენტების ნაწილი უბნის თერაპევტებს მიმართავს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, სხეულის მასის შემცირება. აქედან გამომდინარე, ხშირად დეპრესია, როგორც დიაგნოზი, გამოირიცხება, თუ მისი გამოკვლევის სპეციალური მეთოდიკა არ იქნა გამოყენებული. დეპრესიულ პაციენტთა 15%-ში (თუ მათ არ უტარდებათ სათანადო მკურნალობა) აღინიშნება სიკვდილობა სუიციდის შედეგად. ძალიან დიდია არანამკურნალები დეპრესიის ეკონომიური დანახარჯებიც. იმის გამო, რომ დეპრესია განმეორებითი გამოვლინებებით ხასიათდება, ბევრი პაციენტი ისევ უბრუნდება უბნის თერაპევტებს სხვადასხვა სომატური ჩივილით და ითხოვენ სამსახურიდან გათავისუფლებას. დადგენილია, რომ დეპრესიის მქონე პაციენტთა 66%-მა, რომელთაც დიაგნოზი თავის დროზე არ დაუდგინდათ, ერთი წლის განმავლობაში 6-ჯერ მიაკითხა პოლიკლინიკას სომატური ჩივილებით. აშშ-ში დეპრესიის წლიური ღირებულება შეფასებულია 43.7 მილიონ დოლარად.
რა სირთულეები შეიძლება შეგვხვდეს შენიღბული დეპრესიის დიაგნოსტირებისას? უბნის თერაპევტმა ყურადღება უნდა მიაქციოს მის განწყობილებას, განცდებს და განსაკუთრებით, ოჯახურ ცხოვრებას. ბევრი ავტორი აღნიშნავს, რომ სომატიზაცია უფრო ხშირია ქალებში. ოჯახური პრობლემების მქონე ქალებში დეპრესია 26-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ნორმალური ოჯახური პირობების მქონეთა შორის.  
შეცდომებს დეპრესიული სინდრომის გამოვლენისას მივყავართ იქამდე, რომ პაციენტები შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე რჩებიან და იკეთებენ ყველა არსებულ გამოკვლევას, რაც მათთვის შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო, დადიან სხვადასხვა სპეციალისტთან და მათი მდგომარეობა მაინც უცვლელი რჩება. სომატური ჩივილები მოიცავს: შფოთვას, ძილის დარღვევას, ადვილად დაღლას, სხვადასხვა სახის ტკივილს (თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი), სხეულის მასის შემცირებას, ფუნქციონალურ (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – მუცლის შებერვა, ქრონიკული ყაბზობა) ან ორგანულ (კუჭის წყლული), გასტროინტესტინულ სიმპტომებს ან პრემენსტრუალურ სინდრომს. ამ სიმპტომებიდან ნებისმიერის კლინიკური გამოვლინება დამაფიქრებელია დეპრესიის დიაგნოზის დასმისას. დადგენილია, რომ თანამედროვე დეპრესიული მდგომარეობების 50%-დან 70%-მდე დაკავშირებულია სწორედ ამ სიმპტომების გამოვლენასთან. დეპრესიის დროს ხშირია, აგრეთვე,  ჩაძინების გაძნელება, ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გამოღვიძება. ამიტომ ხშირად პირველი დახმარების სახით კლინიცისტები საძილე პრეპარატებს ნიშნავენ. ისინი ნიღბავს ან აღრმავებს დეპრესიას. დადგენილია, რომ ანტიდეპრესიული პრეპარატებით წარმატებული მკურნალობის შემდეგ ძილიც საგრძნობლად უმჯობესდება. ადვილად დაღლა, აგრეთვე, ერთ-ერთი ხშირად გავრცელებული სიმპტომია კლინიკურ პრაქტიკაში. ადვილად დაღლის მიზეზების დიაგნოსტირებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ბევრი ქრონიკული დაავადება, დაწყებული თირეოტოქსიკოზიდან, დამთავრებული ზოგიერთი ატიპიური ვირუსული ინფექციით, მაგრამ უფრო ხშირად ძირითად დაავადებას სწორედ დეპრესია წარმოადგენს. იწვევს თუ არა დეპრესია ტკივილს ან ძლიერდება თუ არა ტკივილი დეპრესიის დროს, ხშირად უცნობი რჩება. თეორიულად, ტკივილსა და დეპრესიას შორის ბიოლოგიური კავშირი არსებობს. ქალებმა პრემენსტრუალური დაძაბვის სინდრომის დროს  შეიძლება მიაკითხონ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებს, მაგრამ თუ მათ ორი კვირის განმავლობაში აღენიშნებათ აგზნება ან აგრესიულობა, უკვე სავარაუდოა, რომ დეპრესიასთან გვაქვს საქმე.
დეპრესია შეიძლება აღინიშნებოდეს კიბოს, ნაწლავის ანთებითი დაავადებების, B12 ვიტამინის დეფიციტის, სხვადასხვა ენდოკრინული დაავადების (განსაკუთრებით, შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპოთირეოზის), ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების (ეპილეპსია, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, თავის ტვინის ტრავმა, ალცჰაიმერის დაავადება), ტუბერკულოზის, ჰეპატიტის დროს.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა შორის დეპრესიის ხშირი გავრცელების ფაქტი საყოველთაოდაა ცნობილი. სხვადასხვა გამოკვლევებით დადგინდა, რომ დეპრესიის სიხშირე დიაბეტით დაავადებულ პირებში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე არადიაბეტიანებში. ცნობილია, რომ ამჟამად მსოფლიოში 121 მლნ. ადამიანია დეპრესიით დაავადებული, მათ შორის, ქალებში გაცილებით ხშირია დეპრესიის გავრცელება, ვიდრე მამაკაცებში.
დიაბეტით დაავადებულ პირებში დეპრესიას შეიძლება მძიმე შედეგები ჰქონდეს:

  • სოციალური უფუნქციობა და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება;
  • ფიზიკური აქტივობის დაქვეითება და სიმსუქნის განვითარების ალბათობა;
  • მკურნალობის რეჟიმის დარღვევა ან დიეტური რეკომენდაციებისა და ფიზიკური ვარჯიშების უგულებელყოფა;
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების ზრდა;
  • სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების რისკი.

გაქვთ თუ არა დეპრესია?

დეპრესია განკურნებადია, ოღონდ აუცილებლად გჭირდებათ დახმარება. აშშ-ს მენტალური ჯანმრთელობის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ თუ მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში გაქვთ ხუთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, სავარაუდოა, რომ დეპრესიასთან გვქონდეს საქმე:

  • უხასიათობა, შფოთვა ან სიცარიელის შეგრძნება
  • უიმედობის და პესიმიზმის გრძნობა
  • ბრალეულობის და უსარგებლობის შეგრძნება
  • ინტერესის და სიამოვნების შეგრძნების უნარის დაკარგვა
  • ენერგიის ნაკლებობა, დაღლილობა, სისუსტე, შენელებული მოქმედება, აზროვნება
  • კონცენტრაციის უნარის, მეხსიერების გაუარესება, გადაწყვეტილების მიღების გაძნელება
  • ინსომნია (ძილის დარღვევები)
  • მადის/წონის ცვლილება
  • სიკვდილზე ფიქრი ან სუიციდისადმი მიდრეკილება

ყველა აქ ჩამოთვლილი სიმპტომის კლინიკური გამოვლინება აუცილებელი არ არის. მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყება მსუბუქი ფორმების დროს. ჰიპერგლიკემია კიდევ უფრო აღრმავებს დაღლილობას, სისუსტეს, ცუდ განწყობილებას. დიაბეტით დაავადებულ პირებში დეპრესიის დიაგნოსტიკა ამითაც რთულდება - სისუსტე, წონაში კლება ორივე მათგანის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს.
გარდა ამისა, ექიმსა და პაციენტს შორის უშუალო კონტაქტი უნდა დამყარდეს, პაციენტს თავისუფლად უნდა შეეძლოს საუბარი საკუთარ ემოციებზე, განცდებზე, სურვილებზე. ექიმმა აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას დეპრესიის გამოსავლენად და სამკურნალოდ. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა ფსიქოლოგიური მომენტები, რომლებიც თან ახლავს დიაბეტს, მაგ: კვების დარღვევა, ფობიები (განსაკუთრებით, ნემსებისა და ინექციების მიმართ), ალკოჰოლსა და სხვადასხვა წამლებზე დამოკიდებულება ან პანიკა - ეს ყველაფერი შეიძლება გამოვლინდეს დიაბეტის დროს და მოიცავდეს დეპრესიასაც, როგორც ძირითად კომპონენტს.
ასე, რომ დეპრესიის მკურნალობა არამარტო აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტის გართულებების განვითარების  რისკსაც.     გაითვალისწინეთ ეს!

მასალა მომზადებულია ექიმი ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძის მიერ.

 

 

 

 


კვლევები
კლინიკური კვლევები
პროგრამები
2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
მეზღვაურები
მეზღვაურების სამედიცინო შემოწმება

Home Phone