Georgian English Russian
Menu მთავარი Menu ჩვენს შესახებ Menu დეპარტამენტები Menu ექიმები Menu სტატიები Menu გალერეა Menu კონტაქტი
მთავარი

Menu დიაბეტი და ტერფების მოვლა Menu კიდევ ერთხელ დეპრესიაზე
Menu კლიმაქტერიული პერიოდის სამი ფაზა ქალებში Menu დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები
Menu დისგლიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები Menu მითები დიაბეტზე
Menu გულძმარვა Menu უნაყოფობა


რა არის გულძმარვა (გულწვა) და რა სახის ზიანი შეიძლება მოუტანოს მან ადამიანის ჯანმრთელობას

ირაკლი ფუტკარაძესტატისტიკის მიხედვით განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 20-40%-ს აწუხებს გულძმარვის შეგრძნება. გულძმარვის მიზეზი ბევრია, მაგრამ მისი წარმოშობის მექანიზმი არის ერთი. ნორმალურ მდგომარეობაში საკვები საყლაპავის გავლით ხვდება კუჭში. კუჭსა და საყლაპავს ერთმანეთისგან ყოფს ე.წ. კარდიალური სფინქტერი - კუნთოვანი რგოლი, რომლის ფუნქციაა გაატაროს საკვები ზევიდან ქვევით და ხელი შეუშალოს კუჭის „მჟავე“ შიგთავსის მოხვედრას საყლაპავის სანათურში ქვევიდან ზევით. მაგრამ თუკი სხვადასხვა მიზეზების გამო სფინქტერი  სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს, მაშინ კუჭის შიგთავსი ადვილად გადადის კუჭიდან საყლაპავში და კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავა აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როგორც ტკივილს, გულძმარვას, უსიამოვნო შეგრძნებას.
გულძმარვა არის სპეციფიური სიმპტომი ისეთი დაავადებისათვის, როგორიცაა რეფლუქს-ეზოფაგიტი. ამ დაავადების განვითარების პათოგენეზში მთავარ როლს ასრულებს კარდიალური სფინქტერის ტონუსის დაქვეითება მოსვენების მდგომარეობაში, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის არსებობა, ასევე მუცლის შიდა წნევის მომატება (მეტეორიზმის, შეკრულობის, სიმსუქნის, პილოროსპაზმის დროს), სტრესული მდგომარეობები, ნევროზი, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები. ხშირად გულძმარვის მიზეზია არასწორი კვების რეჟიმი და არადიეტური კვება. გულძმარვა ძირითადად ვითარდება ისეთი პროდუქტების მიღებისას, როგორიცაა შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, შემწვარი და მოხრაკული, მწარე, ცხარე, ზედმეტად ცხიმიანი საკვები, ტომატი, ციტრუსები, ცხელი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები. მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება ზედმეტი საკვების მიღება, ჭამა ძილის წინ (სავსე კუჭით დაძინება) და მოწევა. ასევე ისეთი პრეპარატების მიღება როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი და სხვ. გულძმარვა ძლიერდება სიმძიმის აწევის, სხეულის წინ დახრის და ჰორიზონტალური (წოლის) მდგომარეობის დროს.
გარდა გულძმარვისა რეფლუქს-ეზოფაგიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი მკერდის უკან, რომელიც დაკავშირებულია საკვების მიღებასთან, ძლიერდება  ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ალკოჰოლის მიღებისას, მოწევისას. ასევე დამახასიათებელია ბოყინი, რომელიც ხშირად ვითარდება ჭამის შემდეგ. ახასიათებს გულისრევის შეგრძნება, ხანდახან ღებინებაც კი.
რეფლუქს-ეზოფაგიტის არსებობის დროს საყლაპავის ლორწოვანი გარსი განიცდის ანთებადი ხასიათის ცვლილებებს - მსუბუქ შემთხვევებში იგი გამოიხატება ლორწოვანი გარსის სუსტი ჰიპერემიით (სიწითლით) და შეშუპებით. მძიმე შემთხვევებში ჩნდება ეროზიები, წყლულები, ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს ე.წ. ბარეტის წყლული - სიმსივნისწინარე დაავადება. შესაძლებელია მოხდეს წყლულის მალიგნიზაცია, ანუ სიმსივნედ გადაგვარება. 
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გულძმარვა მხოლოდ და მხოლოდ დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნება არ არის. იგი შეიძლება გახდეს სხვადასხვა სერიოზული გართულებების მიზეზი. თუკი გულძმარვას აქვს რეგულარული ხასიათი, მაშინ უცილებლად ეწვიეთ ექიმს. ექიმთან ვიზიტის მიზანია დიაგნოზის  დაზუსტება სხვადასხვა კვლევის მეთოდების გამოყენებით, მათ შორის  რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური მეთოდებით. ენდოსკოპიური დიაგნოსტიკის მეთოდი საშუალებას იძლევა დეტალურად დათვალიერდეს საყლაპავის ლორწოვანი გარსი, შეფასდეს მისი მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში აღებულ იქნას ბიოფსიური მასალა შემდგომი კვლევისათვის, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. დიაგნოსტირების შემდეგ ინიშნება მკურნალობის შესაბამისი კურსი, რომელიც გულისხმობს კვების რეჟიმის მოწესრიგებას, დიეტურ კვებას, მავნე ჩვევებზე უარის თქმას (ალკოჰოლი, ნიკოტინი, ყავა, შოკოლადი....), მაპროვოცირებელი ფაქტორების კორეგირებას და მედიკამენტოზური მკურნალობის ინდივიდუალური კურსის შერჩევას.
მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას - შესაძლოა ისეთი სიმპტომი, როგორიც გულძმარვაა, წარმოადგენდეს რომელიმე რთული დაავადების სიგნალს, რომელთა რიგებს მიეკუთვნება ისეთი გართულებები როგორიცაა სისხლდენა საყლაპავის წყლულიდან, უხეში ნაწიბურების ჩამოყალიბება და მასთან დაკავშირებული ყლაპვის გაძნელება, სიმსივნისწინარე მდგომარეობები და საყლაპავის კიბო.
დროული დიაგნოსტიკა და ზუსტი მკურნალობა თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია. თვითმკურნალობამ (მაგ: სოდიანი წყალი, სხვადასხვა პრეპარატების უკონტროლო მიღება და ა.შ.) ან არასრულფასოვანმა მკურნალობამ  სამომავლოდ შესაძლოა  სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

ექიმი ქირურგი–ენდოსკოპისტი ირაკლი ფუტკარაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: 555 64 05 16
საზღვაო ჰოსპიტალი
მისამართი: მელიქიშვილის 102 ბ
Facebook: Maritime Hospital JSC

კვლევები
კლინიკური კვლევები
პროგრამები
2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
მეზღვაურები
მეზღვაურების სამედიცინო შემოწმება

Home Phone