Georgian English Russian
Menu მთავარი Menu ჩვენს შესახებ Menu დეპარტამენტები Menu ექიმები Menu სტატიები Menu გალერეა Menu კონტაქტი
მთავარი

Menu დიაბეტი და ტერფების მოვლა Menu კიდევ ერთხელ დეპრესიაზე
Menu კლიმაქტერიული პერიოდის სამი ფაზა ქალებში Menu დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები
Menu დისგლიკემია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები Menu მითები დიაბეტზე
Menu გულძმარვა Menu უნაყოფობა


დიაბეტის ფსიქოლოგიური ასპექტები

“ადამიანში ყველაფერი ლამაზი უნდა იყოს:
გარეგნობაც, სამოსიც, სულიც და აზრებიც”.
ა. ჩეხოვი

ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, თუ თქვენში დადებითი ემოციები ჭარბობს. ალბათ, ბევრჯერ გითქვამთ საკუთარი თავისთვის, “როგორ შემეძლო ასეთი სისულელე გამეკეთებინა!” ან “ვერასდროს მივაღწევ ამას!”, “ყველასთვის დიდი ტვირთი ვარ”, “რაც არ უნდა ვეცადო, მაინც არაფერი გამომივა”. გეცნობათ ასეთი ფიქრები?
პესიმიზმი და საკუთარი თავის ნეგატიური შეფასება საკმაოდ საზიანოა. ეს არამარტო თვითშეგრძნების გამოძახილია, არამედ აყალიბებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, გრძნობებს და საერთოდ, თქვენს არსებას. თუ ერთსა და იმავეს ხშირად გაიმეორებთ, საბოლოოდ, ამაში დარწმუნდებით კიდეც.
ნეგატიური აზრები და თვითშეფასება, საბოლოო ჯამში, დეპრესიამდე, საკუთარი თავისადმი რწმენის დაკარგვამდე მიგიყვანთ, ვერც გარშემომყოფთა სიყვარულს დაიმსახურებთ და სისხლის გლუკოზის ნორმალურ კონტროლსაც ვერ შეძლებთ.
პირველი ნაბიჯი გარდაქმნებისაკენ მიმავალ გზაზე – საკუთარი ფიქრების მოსმენა და გააზრებაა, ანუ იმის აღიარება, რომ პესიმისტურად ხართ განწყობილი.
მეორე ნაბიჯი – უარყოფითი, პესიმისტური აზრის დადებითით შეცვლაა. ამ მეთოდს ფსიქოლოგიური აუტოტრენინგი ანუ თვითმართვა ეწოდება.
აუტოტრენინგი ანუ თვითმართვა როგორც ნებისმიერი სხვა ვარჯიში, არ არის ადვილი და დასაწყისში, თითქოს, არც გამოდის. მაგრამ თუ შეიძლება, რომ ვარჯიშით სხეულის სიძლიერეს მიაღწიოთ, სულისა და აზრების მართვაც გამოგივათ. შაქრიანი დიაბეტის დროს უარყოფითი ფიქრების შეცვლის რამდენიმე მაგალითი:
•     იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს ჩასძახოთ, “მე ვერასდროს შევძლებ ინსულინის დოზების რეგულირებას, ხშირად გაიმეორეთ, “დიახ, კიდევ მჭირდება ვარჯიში, მაგრამ თითქმის, უკვე ვიცი, როგორ გავიკეთო ინსულინის ინექცია (ან თუნდაც, ვიცი, ამა თუ იმ საკვებისთვის რამდენი ინსულინი მჭირდება)”.
•     იმის მაგივრად, რომ თქვათ, “ღმერთო ჩემო, რა გამხდარი ვარ ან როგორ მოვიმატე”, ხშირად იმეორეთ, “არაუშავს, ჩემი წონა კი შეიცვალა, მაგრამ დავიწყებ პურის ერთეულების დათვლას, მეცოდინება, რამდენი უნდა ვჭამო და ყველაფერი კარგად იქნება.”
•     არასდროს თქვათ, “ვერ ვიტან.... (მაგ. სპორტს, გარკვეული რეჟიმის დაცვას და სხვ.)”, სჯობს, იმეოროთ, “რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ ეს ხომ ძალას მმატებს და გლუკომეტრიც კარგ ციფრებს მიჩვენებს”.
ისევე როგორც უარყოფითს, დადებით აზრებსაც, თუ მათ ხშირად გაიმეორებთ, აუცილებლად ირწმუნებთ. თუ წესად მიიჩნევთ, რომ ყოველთვის, როცა თავში ცუდი აზრი მოგივათ, ეცადოთ, რაიმე კარგი და სასიამოვნო გაიხსენოთ, ადრე თუ გვიან, ეს ბუნებრივი გახდება.
კიდევ ერთი მეთოდი – თუ ერთი და იგივე უარყოფითი აზრი ხშირად გაწუხებთ, ფურცლებზე ჩამოაყალიბეთ წინადადებები, რომლებიც საწინააღმდეგო, დადებით აზრს მოიცავს და ისეთ ადგილას დადეთ, სადაც ხშირად დაინახავთ. ნებით თუ უნებლიედ, დღის განმავლობაში ამ აზრებს რამდენჯერმე წაიკითხავთ (თუნდაც, ხმამაღლა) და იტყვით – ცუდი აზრები რეალობაა, ის, რაც სინამდვილეში ხდება, დადებითი კი – მხოლოდ ფანტაზია. დაიმახსოვრეთ, თუ არაფერს მოიმოქმედებთ, ეს უარყოფითი აზრები ყველგან თქვენი მეგზური იქნება და ჩიხში აღმოჩნდებით, გაგიძნელდებათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. მაგრამ თუ თავს მოუყრით სასიამოვნო, დადებით ფიქრებს, იპოვით გამოსავალს  მგომარეობიდან.

ადამიანები დიდი ხანია მიმართავენ აუტოტრენინგს, უარყოფითი აზრებისა და წარმოდგენების დადებითით შეცვლას და გვერწმუნეთ, ვინც ამ მეთოდით რეგულარულად სარგებლობს, აუცილებლად აღწევს მიზანს.
დაიმახსოვრეთ, პირველად იყო სიტყვა, სიტყვებს დიდი ძალა აქვს! 

მასალა მომზადებულია ექიმი ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძის მიერ.

 

 

 


კვლევები
კლინიკური კვლევები
პროგრამები
2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
მეზღვაურები
მეზღვაურების სამედიცინო შემოწმება

Home Phone